თბილისი, 20 მაისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს პოლიციის თანამშრომელთა მოქმედებებს საპროტესტო აქციებზე, რომლებიც რუსთველის გამზირზე 12-13 მაისს მიმდინარეობდა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საკუთარი პოზიცია ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაახმოვანა, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში მიმდინარეობს.
„ოფიციალური ვაშინგტონი უაღრესად პოზიტიურად აფასებს ქართველი სამართალდამცველების რეაგირებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე შეკრებილ ადამიანებს, საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცემოდათ“, — ნათქვამია განცხადებაში.
11-12 მაისის ღამეს პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ფარგლებში თბილისის ცნობილ ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარეს.
ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რვა ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, კლუბების ფარგლებს გარეთ დააკავეს. მათ შორის აღმოჩნდა კლუბ „გალერის“ დაცვის წევრი, რომელსაც, შსს-ს მონაცემებით, დიდი რაოდენობით აკრძალული აბები აღმოაჩნდა. ყველანი პატიმრობაში არიან.
პოლიციის რეიდებით აღშფოთებულმა „კლუბერებმა“ რუსთაველის გამზირზე ორდღიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ ხელისუფლება დაადანაშაულეს მათი უფლებების დარღვევაში და ძალის გამოყენებაში. ისმოდა შს მინისტრის და პრემიერის გადადგომის მოთხოვნები.
აქცია უკიდურესად დაიძაბა 13 მაისის საღამოს, როდესაც ნაციონალისტებმა იქვე მოაწყვეს კონტრაქცია და ფიზიკური ემუქრებოდნენ. წესრიგის დასამყარებლად შსს-ს დამატებითი ძალების გამოყვანა მოუწია.
ვითარების განმუხტვა მოახერხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც პირადად მივიდა ძირითად აქციაზე და ორგანიზატორებთან მოლაპარაკებების შემდეგ საკუთარი სახელით და იმ პოლიციელთა სახელით, რომლებმაც, სავარაუდოდ, მოქალაქეთა უფლებები დაარღვიეს, ბოდიში მოიხადა. ამის შემდეგ „კლუბერები“ გაძლიერებული დაცვის ქვეშ ტერიტორიიდან გაიყვანეს, გარკვეული დროის შემდეგ კონტრაქციის მონაწილეებიც დაიშალნენ.