თბილისი, 19 მაისი – Sputnik. დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ თბილისში საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, 3 975 კვადრატულ მეტრ ფართობზე 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი ირგვება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გაეცნო.
„დედაქალაქის მერია შპს „ეკოსერვის ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს რუსთაველის გამზირს, 26 მაისამდე უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგდა უკვე გამწვანებული თარგების ნაწილი, სადაც შეიცვალა მწვანე საფარი და აღდგა სარწყავი სისტემა. გამწვანების ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება“, — განაცხადა ბენდელიანმა.
როგორც თბილის მერიაში აცხადებენ, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად სხვადასხვა მცენარეები სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.
გამზირზე დაირგვება ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია.
მერიის ცნობით, „მაგთის“ შენობის წინ გუშინ დაირგო ოთხი ძირი ჭადარი. ხოლო პარლამენტის შენობის წინ არსებულ სხვა თარგებში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა და ცხრა ძირი ფოტინია დაირგვება.
გამწვანების სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 26 მაისამდე დასრულდება.