ქართველი მწერლები იდეების ბრისტოლის ფესტივალზე მიიწვიეს

გამოწერა
ბრისტოლის ფესტივალის ორგანიზატორები დაინტერესდნენ ქართველი მწერლების კრებულით „წიგნი თბილისზე“, რომელიც საქართველოში მომხდარ ცვლილებებზე მოგვითხრობს

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართველი მწერლები ბაჩო კვირტია და ზვიად კვარაცხელია 22 მაისს ბრისტოლში (დიდი ბრიტანეთი) იდეების ყოველწლიურ ფესტივალზე წარდგებიან, ნათქვამია ორგანიზატორების ვებგვერდზე.

ბრისტოლის ფესტივალის ჩატარების იდეა 2005 წელს გაჩნდა. მისი მოწოდებაა გონების სტიმულირება და ადამიანების შთაგონება. ფესტივალი ტარდება დისკუსიების და დებატების ფორმატში, რომელშიც სტუმრები და მონაწილეები არიან ჩართულნი. 

ფესტივალის ორგანიზატორები დაინტერესდნენ ქართველი მწერლების კრებულით „წიგნი თბილისზე“ (The book of Tbilisi), რომელშიც დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი ცვლილებებია ასახული. კრებული ათი თანამედროვე ქართველი მწერლის ნაწარმოებს მოიცავს. ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ბაჩო კვირტიას მოთხრობამ „პატაგონია“ და ზვიად კვარაცხელიას „ფერიდემ“.

„პატაგონია“ მოგვითხრობს ხანდაზმულ თბილისელ ქალ ვეროზე, რომელიც თავს იმით ირჩენს, რომ ბაზარში ცხელ პურსა და ხაჭაპურს ყიდის. მთავარმა გმირმა სახლი და ოჯახი მრავალი წლის წინ დაკარგა. მასზე ყოველდღიურად ძალადობს ვინმე მამაკაცი, რომელმაც ის შეიფარა. ამასთან ერთად ის მას ამუშავებს და მთელ ფულს ართმევს. ქალზე ძალადობის ისტორიამ ბრიტანელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

კვარაცხელიას მოთხრობის მთავარი გმირია ვინმე ფერიდე, რომელიც თავისი შეხედულებების გამო თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ გარიყა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები  აღნიშნავენ, წელს თბილისი და ბრისტოლი მეგობრობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

იდეების ბრისტოლის ფესტივალი 19 ივლისამდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0