თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში ქართული აერონავიგაციის 25 წლისთავი „საქაერონავიგაციის“ ავიაფრენების მართვის ცენტრის ახალი შენობის და სასწავლო ცენტრის გახსნით აღნიშნეს, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის Facebook-გვერდზე.
„მეამაყება, რომ 2014 წელს, ეკონომიკის მინისტრის რანგში, მხვდა პატივი, საფუძველი ჩამეყარა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. ეს გახლავთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შენობების გახსნის ცერემონიაზე.
მისი თქმით, ეს დღე არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო ინდუსტრიის განსავითარებლად, მითუმეტეს, რომ ევროპისა და აზიის საჰაერო საზღვარი საქართველოდან იწყება.
„ქვეყნისთვის, რომელიც თავისი პოლიტიკით ყალიბდება, როგორც სატრანზიტო ჰაბი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის მიმზიდველები გავხდეთ საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც. მოგეხსენებათ, ევროპის საჰაერო საზღვრები 2014 წლიდან უკვე საქართველოდან იწყება. ჩვენი ქვეყანა აზია — ევროპის საზღვარია ჰაერში, „საქაერონავიგაცია“ კი — ევროპის მესაზღვრე გახლავთ და სასიხარულოა, რომ ამ საპასუხისმგებლო მისიას ის მართლაც უმაღლესი სტანდარტებით ასრულებს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ „საქაერონავიგაციას“ ავიაკომპანიების ეფექტური და უსაფრთხო მომსახურების გაწევის და უსაფრთხო ცის უზრუნველყოფის პოტენციალი გააჩნია.
„უმნიშვნელოვანესია, რომ საავიაციო სფეროში განხორციელებული რეფორმები განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან და ეს შეფასებები ყოველწლიურად უმჯობესდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ უცხოური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება.
„გასულ წელს “საქაერონავიგაცია” 15%-ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა, „ევროკონტროლის“ პროგნოზით კი, ეს ტენდენცია ყოველწლიურად დამატებით 7%-ით გაიზრდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აგრეთვე მგზავრთა ნაკადის ზრდა აღნიშნა.
„2017 წელს საქართველოს აეროპორტებში გვქონდა მგზავრთა 43%-იანი ზრდა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, უკვე 34%-იანი ზრდა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს აეროპორტები მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.