თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკში ამ უქმეებზე ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეების ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ორი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ შეიკრიბებიან ქვეყნის საუკეთესო ყვავილების მაღაზიების, კომპანიების წარმომადგენლები, ლანდშაფტის დიზაინერები, მებაღეები.
გამოფენაში მონაწილე კომპანიები სტუმრებს საკუთარ პროდუქციას დაბალ ფასში შესთავაზებენ.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება მცენარეების როგორც ადგილობრივი, ისე პოლონეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი თესლი და ნერგები.
სტუმრების განწყობაზე იზრუნებს სპეციალურად მოწვეული DJ, რომელიც ფესტივალს მუსიკალურ ფონს 11:00-დან 14:00 საათამდე შეუქმნის.
ამის შემდეგ სტუმრები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ გამოფენის მონაწილე კომპანიების მიერ მომზადებულ კონკურსებსა და ვიქტორინებში. საღამოს გია ფეიქრიშვილის ბენდი დაუკრავს.