თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა გზირიშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც Land Rover-ის მარკის ავტომობილს მართავდა, სკოლიდან შვილის გამოსაყვანად ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.
„წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც შეუძლოდ გახდა, საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, რის შედეგადაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა", — განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა").