თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ნატოს სამხედრო–საზღვაო ჯგუფში (SNMG2) შემავალი 4 ქვეყნის გემი უკვე ფოთშია — იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემებს და მათი ეკიპაჟების 1200-მდე სამხედრო პირს პორტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დახვდნენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან ამ რეგიონში, რათა გაიზარდოს ურთიერთთავსებადობა. ნატოსა და საქართველოს გემებს შეუძლიათ თანამშრომლობა. თავისუფლება აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკური წარმატებისთვის, ამიტომ ნატო თანამშრომლობს საქართველოსთან, რომ ქვეყნაში ეკონომიკური წინსვლა მოხდეს, რათა ეს დადებითად აისახოს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე“, — განაცხადა ჟურნალისტებთან ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთების ხელმძღვანელმა მაიკლ ატლმა.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტის ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მაისს დატოვებენ, მანამდე კი საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.