თბილისი 13 მაისი — Sputnik. პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა გუშინ გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ აქციის მონაწილეები მემორიალზე.
აქციის მონაწილეების თქმით, გუშინდელი განცხადებები, რომ მათ მემორიალზე იცეკვეს და ამით შეურაცხყვეს მემორიალი, აბსურდია.
„ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. ვინც შეურაცხყოფად მიიღო, გუშინ იქ რომ ცეკვავდნენ, მინდა გაგხსენოთ, რონ 9 აპრილსაც სიმღერით და ცეკვით დახვდნენ ჯარს და დარწმუნებული ვართ, გუშინ რომ აქ ყოფილიყვნენ, ისინიც იცეკვებდნენ“, — აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კონტრაქციის მონაწილეებმა აღნიშნული ქმედება გააპროტესტეს, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე აქციის მონაწილეებს მემორიალი ყვავილებით შეემკოთ.