თბილისი, 13 მაისი — Sputnik. კონტრაქციის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილი აქვს აქციის მონაწილეებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. ისინი წყლით სავსე ბოთლებს ისვრიან. ნეონაცისტების მიმართულებით წყლის ჭავლის მანქანა დაიძრა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მეორე დღე მიმდინარეობს მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელზეც ახალგაზრდები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
დღეს რუსთაველის გამზირზე მივიდნენ ნეონაცისტური დაჯგუფებებიც, რომლებიც „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებენ და მათთან დაპირისპირებას ცდილობენ. პოლიცია ცდილობდა არ დაეშვა, რომ დაჯგუფებების წევრები მიუახლოვდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებს.