თბილისი 13 მაისი — Sputnik. „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრებს, რომლებიც კონტრაქციას მართავენ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე არ უშვებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პარლამენტის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. აქციაზე ახალგაზრდები თბილისის ღამის კლუბებში 11 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციის ფორმებს და სპეცრაზმის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას აპროტესტებენ. კონტრაქციის მონაწილეები „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შეკრებას აპროტესტებენ.
„პარლამენტთან გამართულ აქციას არ მივუახლოვდებით, რადგან პოლიცია არ მიგვიშვებს. ჩვენ კი არ ვაპირებთ სამართალდამცველებთან დაპირისპირებას“, — განაცხადა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მეთაურმა გიორგი ჭელიძემ.
მისივე თქმით, თუ პარლამენტის წინ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება, ორგანიზაციის წევრები საპასუხო ზომებისთვის მზად არიან.
ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) იუწყება, რომ „საქართველოს ეროვნული ერთობის” წარმომადგენლებმა ლონდონის ბაღში ე.წ. სამოქალაქო გვარდიის შექმნის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ეროვნული ერთობის წარმომადგენლების განცხადებით, სამოქალაქო გვარდიის მიზანი იქნება შიდა სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი საომარ მოქმედებებში ჩაბმაც.
„ზვიად გამსახურდიას დროსაც ასე იყო, არავის ეგონა, რომ დაამხობდნენ, მაგრამ დაამხეს. ჩვენ ეს მწარე გაკვეთილი ვიწვნიეთ. გუშინ 9 აპრილის მემორიალზე ამ ადამიანების როკვა უკვე იყო იმის ნიშანი, რომ შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გაიქცეს. ამიტომ ვიქნებით მზად, რომ კიდევ უფრო ბრუტალურად ვიმოქმედოთ. ყველაფერი კარგად იქნება და ის დღის წესრიგი, რომელიც საუკუნეებია საქართველოში არსებობს, დაცული იქნება”, — ამბობს გიორგი ჭელიძე.