აზერბაიჯანის და ირანის მოქალაქეებს ნარკოტიკის შემოტანის გამო სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ

გამოწერა
პირველი იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 კილოგრამი ჰეროინი, 1,2 კილოგრამი კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი ამოიღო.

თბილისი 13 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1,5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ 730 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 14 აბი „მეტადონი“ ამოიღო. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლით აღიძრა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დაკავება - Sputnik საქართველო
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სუს-ის თანამშრომელი დააკავეს

პოლიციამ, აგრეთვე ირანის მოქალაქე დიდი ოდენობით „ჰაშიშის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, ორ  შეკვრად დაფასოებული ჰაშიში ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,4823 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული ფაქტები ბოლო ერთი ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 9 კილოგრამამდე ჰეროინი, 1,2 კილოგრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი, ასევე, 1,7 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

უწყების ინფრომაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.


ყველა ახალი ამბავი
0