თბილისი 13 მაისი — Sputnik. 83 წლის ასაკში მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მსახიობი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
გადაღებული იყო 50-მდე ფილმში. მისი დებიუტი კინოში მიხეილ კობახიძის ფილმში „ქორწილი“ შედგა, რასაც მოჰყვა ფილმები „გიორგობისთვე“, „ცისკრის ზარები“, „არ დაიდარდო!“, „ფერისცვალება“, „ვერის უბნის მელოდიები“, „პეპელა“, „პირველი მერცხალი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ფესვები“ და ა.შ.
1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“.
1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.