თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სპეცრაზმელია მობილიზებული.
თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება,რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული.
შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“, „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ – ჩაატარა.
შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.
სხვადასხვა ვერსიით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 20-დან 70-მდე ადამიანი დააკავეს კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციაზე, რომელიც სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარდა.
თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.