თბილისი, 12 მაისი — Sputnik. უკვე მეოთხე საათია თბილისის ცენტრში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანი“ და „გალერი“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის წესით 8, ხოლო ადმინისტრაციული წესით 20-მდე ადამიანი დააკავეს, ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საინფორმაციო სააგენტი „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„ჩემი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მე ვარ პირადად კონტაქტზე შსს-თან, ვარკვევ დაკავებულების ადგილმდებარეობას. ასევე მაინტერესებს დამატებითი ინფორმაცია თვითონ სპეცოპერაციის ამ ფორმით განხორციელების საჭიროებასთან დაკავშირებით", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს მოძრაობა „თეთრი ხმაურის" წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი.
მისი დაკავება სხვა აქტივისტებთან ერთად კლუბ „ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, წიქარიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან იქ შეკრებლ პირებს მობილიზების და საპროტესტო მსვლელობისკენ მოუწოდა.
სპეცოპერაციის დაწყებიდან ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ღამის კლუბებში სპეცოპერაციები ნარკოტიკების გასაღების ფაქტების გამოვლენის მიზნით დაიგეგმა და რომ სპეცოპერაციის შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
თავდაპირველად ინფორმაცია პოპულარულ ღამის კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სოციალური ქსელით გავრცელდა, რასაც კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე იქ მყოფი ადამიანების მეგობრებისა და ახლობლების მობილიზაცია მოჰყვა. შედეგად სპეცრაზმს მოუხდა შეხლა-შემოხლა კლუბების გარე ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებთანაც.
სამართალდამცველებმა ადგილზე მყოფ ადამიანებს კლუბის მიმდებარე ტერიტირია დაატოვებინეს. მათ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს,სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ.