თბილისი, 12 მაისი — Sputnik. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებს და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყეს.
თავისუფლების მოედანზე პარლამენტის წინ შეკრებილმა ახალგაზრდობამ, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ კვირიკაშვილს განცხადების გაკეთებისთვის ვადა 22:00 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კარვების გაშლა დააანონსეს.
შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“, „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ – ჩაატარა.
შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.
საპროტესტო აქცია, რომელიც 12 მაისს ღმით დაიწყო, 15:00 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეები პოლიციას ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციისას ღამის კლუბების სტუმრების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.
„ჩვენ ისღა დაგვრჩენია ბოლომდე ვიბრძოლოთ. დავიწყებთ კარვების გაშლას. მერე მიხვდებიან, როგორი პასუხი უნდა გასცენ მათ ხალხს. მოგიწოდებთ გვერდით დგომისკენ. — ან ვიქნებით სისტემის მონები, ან დავრჩებით თავისუფალ მოქალაქეებად“, — განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ>>>
საპროტესტო ტალღა თბილისის პოპულარულ ღამის კლუბ „ბასიანსა“ (Bassiani) და "გალერიში" (Cafe Gallery) ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც მოგვიანებით სამინისტროში განმარტეს, მათ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი და მათი ღამის კლუბებთან კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზებისთვის რვა დაკავებულიდან ერთ–ერთი კაფე „გალერის“ დაცვის წევრია.
თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა. შსს–ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი ღამის კლუბებში სტუმრობის შემდეგ გარდაიცვალნენ.