ხერთვისის განახლებული ციხე-სიმაგრე ტურისტების მისაღებად მზად არის

გამოწერა
ხერთვისის ციხის ირგვლივ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დასრულდა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ციხე-სიმაგრის, ხერთვისის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა, ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Vogue: საქართველო – მუდამ თქვენს ფიქრებში >>

სრულად არის რეაბილიტირებული ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი. ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.

„ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ადრე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამოსვლა. ახლა, გარდა იმისა, რომ ობიექტი ტურისტულად მიმზიდველი გახდა, განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს რეგიონს, მოახდინოს შემოსავლების გენერირება“, — განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ხერთვისის ციხე შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეა სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში. ის X-XI საუკუნეების ძეგლია, ხოლო ლეონტი მროველის ცნობით, ჩვენ წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეს მიეკუთვნება. ყოველწლიურად ამ ადგილს ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

ხერთვისი ციხე მრავალჯერ არის გადაკეთებული. დღემდე კარგად არის შენარჩუნებული კოშკები.

ციხე-სიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2017 წლის ივნისში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით წამოიწყო. პროექტის ღირებულება — 1,7 მილიონი ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0