თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ მიიღო, იუწყება ფოთიდან „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბებიამ „ბევრილ ჯგუფის" მაღაზიაში შვილიშვილისთვის კანფეტი შეიძინა. სავარაუდოდ, გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და მომხმარებელს „კროტი" მისცა.
ბავშვი თავდაპირველად ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.
„არ ვიცი ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამიდველს. კიდევ კარგი, ბავშვმა არ გადაყლაპა ის ნივთიერება. პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ. ენა დანით ათლილივით აქვს", — განაცხადა ჟურნალისტებთან მოზარდის ერთ-ერთმა მეზობელმა.
მაღაზია „ბევრილ ჯგუფში" აღნიშნულ ფაქტს უნებლიე შეცდომა უწოდეს, რომელიც გამყიდველს მოუვიდა.