თბილისი, 9 მაისი — Sputnik. კანის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრებისთვის ქართული პავილიონი წელს მეთერთმეტედ გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთში 71–ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი სამშაბათს გაიხსნა და 19 მაისამდე გაგრძელდება.
წელს კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში „პალმის რტოსთვის" იბრძოლებს საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქცია „მზის გოგონები".
გარდა ამისა, ცნობილი ამერიკული გამოცემის Variety–ის ვერსიით, რომელიც მსოფლიო შოუ–ბიზნესის მოვლენებს აშუქებს, ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში 2018 წლის 10 ყველაზე საუკეთესო პროდიუსერების ჩამონათვალში მოხვდა. ნომინანტები 14 მაისს კანის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.
კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა ქართული რომანი, რაც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას უკავშირდება – აკა მორჩილაძის obOle საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება. ქართველი ავტორის ნაწარმოები კანში 10 საუკეთესო რომანს შორის მოხვდა.
გარდა ამისა, ახალგაზრდა რეჟისორის რატი წითელაძის პროექტი „ცარიელი სახლი" (პროდიუსერი — ნინო ვარსიმაშვილი) წარდგენილია კჟისტოფ კიშლოვსკის სახელობის პრიზზე, რომელიც საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარისათვის გაიცემა. ღონისძიება კანის კინოფესტივალის ფარგლებში პოლონეთის ინსტიტუტისა და პროგრამის Script East მხარდაჭერით ტარდება.
პავილიონში, რომელიც ქართველ კინემატოგრაფისტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს პროფესიონალური თანამშრომლობისთვის, ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი — ზურაბ მაღალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი — დავით ვაშაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი — ნინო შერვაშიძე და Creative Europe-ს მედია პროგრამის მენეჯერი — ლევან ლომჯარია.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროდიუსერები რუსუდან ჭყონია პროექტით „ვენეცია", ვაკო კირკიტაძე პროექტით „ზამთრის დეპრესია", დავით ისაკაძე პროექტით „უარყოფითი რიცხვები", კოტე თაყაიშვილი პროექტით „ნინა", არჩილ ქავთარაძე პროექტით „პანთეონი", ნოდარ ნოზაძე პროექტით „ველი", ირაკლი ჩხიკვაძე პროექტით „ომობანა" და ელენე კოლელიშვილი პროექტით „მამა"
გარდა ამისა, ქართული მხარე 14 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის წვეულებას გამართავს, რომელიც წელს ქართული კინოს 110 წლისთავს მიეძღვნება.