თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს საქართველოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. 9 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.
თბილისში საზეიმო ღონისძიებები, ტრადიციულად, ვაკის პარკში გაიმართება, სადაც ვეტერანები დილიდან იკრიბებიან. საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამარჯვების დღეს ვეტერანებს მიულოცავენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინებით შეამკობენ.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 224 თბილისში, ხოლო 452 — რაიონებში.
მეორე მსოფლიო ომი1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.