თბილისი, 8 მაისი — Sputnik. გორის რაიონის სოფელ დიცში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნუგზარ ბარიშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 43 წლის გარდაცვლილი პოლიციის კაპიტანია. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
გარდაცვლილის დედა იმავე ბაზაზე მზარეულად მუშაობს, მან შვილის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სამსახურში გამოცხადდა. როგორც თავად ამბობს, ინფორმაცია მას უწყებიდან არ მიაწოდეს. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ქმარს ის გუშინ ესაუბრა ტელეფონზე და უცნაური არაფერი შეუნიშნავს.
ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და აცხადებენ, რომ ნუგზარ ბარიშვილი მოკლულია. ოჯახი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) დაიწყო.