თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა — ვარკეთილში დიდი რაოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
დღეს ასევე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 9 პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ნარკოდანაშაულის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპერაცია ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ გოგონას სამართალდამცველები დიდი ხანი ელოდებოდნენ და ის გამოჩენისთანავე დააკავეს.
„როგორც ჩანს ჩაშვებული იყო, იმიტომ რომ აქ დახვდნენ და ისე აიყვანეს“, — აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც ამბობს, რომ დაკავებულს თან ნარკოტიკული საშუალება „ბიო“ ჰქონდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის მანქანაც დალუქეს, რომლითაც დაკავებული გადაადგილდებოდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაკავებული ამ უბანში არ ცხოვრობდა და ვისთან მიდიოდა, მათთვის უცნობია.