ლისაბონში „ევროვიზია 2018“ გაიხსნა - ვიდეო

© FB / IRIAOჯგუფი „ირიაო“
ჯგუფი „ირიაო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფი „ირიაო“ „ევროვიზიის“ მაყურებლის წინაშე 10 მაისს წარდგება

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სიმღერის კონკურს  „ევროვიზია 2018“-ის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, კონკურსანტები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები  „ლურჯ ხალიჩაზე“ ჩაივლიან. 

წელს „ევროვიზია" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ტარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

„ევროვიზია 2018"-ზე საქართველოს ეთნო–ჯაზ ჯგუფი „ირიაო" წარადგენს.

ჯგუფი „ირიაო" კონკურსზე ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ვირტუოზულ უნიკალურ ნაზავს ასრულებს.

ჯგუფის დამაარსებელი და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ერთ-ერთ იშვიათ ქართველ კომპოზიტორად მიიჩნევა, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. 30 წლის მანძილზე მალაზონია ქმნის მუსიკას გერმანიასა და საქართველოში როგორც თეატრებისთვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის. მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა ანსამბლი „ირიაო", რომლის დებიუტი 2013 წელს შედგა.

მალაზონიას გარდა, ჯგუფის წევრები არიან დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და მიხეილ ჯავახიშვილი.

სიმღერა „შენი გულისთვის", რომლითაც ქართველი მუსიკოსები კონკურსზე 10 მაისს გამოვლენ, კომპოზიტორმა და ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორია ირინე სანიკიძე.

ნათია თოდუა - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2018"-ზე გერმანიას ნათია თოდუა არ წარადგენს

სიმღერის კლიპის ავტორია რეჟისორი ზაზა ორაშვილი, რომელშიც „ირიაოს" წევრებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის" მოცეკვავეები. მუსიკოსების კოსტიუმების დიზაინერია მეგი გაბუნია. „ირიაოს" ოფიციალური ფოტოგრაფი და ყველა ფოტოსესიის ავტორი გიორგი ცაავაა.

„ევროვიზია 2018"-ის ოფიციალური დევიზია — „ყველანი ბორტზე!", რაც გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს. ასევე ცნობილია კონკურსის ლოგო, რომელიც ზღვის ნიჟარას წააგავს.

63-ე კონკურსის ნახევარფინალები 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი 12 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0