თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ახმეტის რაიონში, ხადორის ხეობაში, ხევში დაღუპული 26 წლის მამაკაცი, პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში დროებით იყო ჩამოსული. თვითმხილველების ინფორმაციით, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ტყემალაძე ხეობაში თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი ხრამში 150 მეტრ სიმაღლიდან გადავარდა.