თბილისი, 5 მაისი — Sputnik. იაპონიის საპორტო ქალაქ ფუკუოკაში, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად ითვლება, ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
პრეზენტაციის ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში.
ღონისძიებაზე ქართული ღვინის დეგუსტაციას იაპონელი ტოპ-სომელიე ჰიროში იშიდა უძღვებოდა.
დეგუსტაციას 100-მდე ღვინის პროფესიონალი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, სასტუმროების და რესტორნების წარმომადგენელი დაესწრო.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“ (რქაწითელი სუპერიორი), „შალაურის ღვინის მარანი“ (რქაწითელი, მწვანე), „შუმი“ (ხაზი „იბერიული“ — მწვანე, მუკუზანი), „გიუაანი“ (საფერავი ბარელი) და „ორგო“ (საფერავი).
პრეზენტაციაზე ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იყო იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და შემდგომში ექსპორტის ზრდა.
ღონისძიების რამდენიმე მონაწილე სტუმარმა სურვილი გამოთქვა, უახლოეს მომავალში ჩართოს ქართული ღვინო მათი რესტორნების მენიუში.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 73 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 139%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
2018 წლის დასაწყისიდან, საქართველომ მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განახორციელა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა.