„თბილისის ცის ქვეშ“ - მერიის ახალი პროექტი საინტერესო ზაფხულისთვის

© FB / Tbilisi City Hallკახა კალაძე ახალ პროექტს წარადგენს
კახა კალაძე ახალ პროექტს წარადგენს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში იგეგმება კონცერტების საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალებისა და ასევე ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების გამართვა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს, რომლის სახელწოდებაცაა „თბილისის ცის ქვეშ“, და რომელიც კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს აერთიანებს, იუწყება თბილისის მერია. 

მერიის ფეისბუქგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია: 

 

  • „თბილისის მერია საზოგადოებას კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელოს“.

 

პროექტის პრეზენტაცია, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გასტანს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის შესახებ ისაუბრა, ხოლო მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები წარადგინა. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება კონცერტების საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალებისა და ასევე ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების გამართვა. 

ღონისძიებებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  

„ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას ქალაქში იქნება კონკრეტული ლოკაციები მოცემული, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები — კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ვფიქრობ, ამით ახალ სიცოცხლეს შემოვიტანთ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ ადგილებზე და ცენტრალურ ქუჩებზე.   მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება კონკრეტული ადგილები, სადაც კონცერტები და ეს პროექტი განხორციელდება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და ქალაქში სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს შექმნის.

ახალი პლატფორმის მიზანია დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.


ყველა ახალი ამბავი
0