თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს. პრემიერის განცხადებით, ფორუმში 32 ქვეყნიდან 300-მდე მოწვეული სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაურის თქმით. ეს ფორუმი ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციალის ჩვენების, მისი მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EPA-ის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის — „ქვეყნებში კულტურული მარშრუტების რუკების" შემუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება — მეფინგი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სრულად იქნება დატანილი ევროპის კულტურულ რუკაზე, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, აღნიშნა პრემიერმა.
პროგრამა „კულტურული მარშრუტები", რომელიც ევროპის საბჭომ 1987 წელს დააფუძნა, წარმოადგენს სხვადასხვა ევროპული ქვეყნისა და კულტურის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში.
პროგრამის ფარგლებში ევროპის საბჭო კულტურული და ტურისტული მეკვიდრეობის მართვის მოდელს სთავაზობს. რეგულარულად ტარდება შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები და ფორუმები, რაც მიმართულია ერთობლივი ინოვაციური სტრატეგიების გაცვლისა და განვითარებისკენ.