ხანძარი ბორჯომის ტყეში ლიკვიდირებულია

© FB / Emergency Management Serviceხანძარი საკირის ტყეში
ხანძარი საკირის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ორშაბათის საღამოდან ცდილობდნენ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ბორჯომიდან 25 კილომეტრში, სოფელ საკირის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ბორჯომის რაიონის მერიის წარმომადგენელმა თამაზ ჩუტკერაშვილმა.

ხანძარი ხრამიხევში ორშაბათს, საღამოს დაიწყო. ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდა 30 მეხანძრე. მათ სამუშაოს რთული რელიეფი აძნელებდა. დამატებითი ძალები გაიგზავნა თბილისიდანაც.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია. ცეცხლის გაჩენის მიზეზს სამართალდამცველები ადგენენ. მეტი დეტალი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მეხანძრე-მაშველების ერთი ჯგუფი ადგილზე რჩება", — განაცხადა ჩუტკერაშვილმა.

როგორც უფრო ადრე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას განაცხადეს, ხანძარს წინ უძღოდა ძლიერი ქარი, რომელმაც, შესაძლოა, ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდების, აფეთქების ან სხვა საშუალებებით. დანაშაული ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

ბორჯომის ტყე გასული წლის აგვისტოში ძლიერი ხანძრის შედეგად ძალიან დაზარალდა. მაშინ 120 ჰა-მდე ტყე დაიწვა. ხანძრის ჩაქრობაში 1500-მდე მეხანძრე, შსს-ს თანამშრომელი და სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ცეცხლს ექვსი ვერტმფრენი ებრძოდა — ორი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ორი — თურქეთის, ერთი — აზერბაიჯანისა და ერთიც ბელარუსის კუთვნილი.

ყველა ახალი ამბავი
0