თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სხდომის დატოვებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მას ოპონენტებისთვის პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა.
„ბატონ გიორგის… არ მოსწონს ჩვენი რეგლამენტი, შეგვიძლია ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება გადაიხედოს პარლამენტის რეგლამენტი, თუმცა რაც ბატონმა გიორგიმ გააკეთა, ეს არის კანონმდებლობის და ინსტიტუტის, პარლამენტის უპატივცემულობა. რაც ძალიან სამწუხაროა. მე მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაასრულა.
დღეს სახელმწიფოს მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე მარგველაშვილის სიტყვით ბოლო გამოსვლაა, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება. სწორედ ამ პერიოდშია დაგეგმილი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.