თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მატარებლების საქართველოდან სომხეთში და პირიქით გადაადგილებისას შეზღუდვები არ არის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საქართველოს რკინიგზის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ.
უფრო ადრე „Sputnik-სომხეთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური რკინიგზა არ ფუნქციონირებს. სომხეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები ერევანში ქუჩების დაბლოკვაზე გადავიდნენ, ასევე მთლიანად პარალიზებულია მეტრო; გადაკეტილია დედაქალაქიდან საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი საავტომობილო ტრასა, სადაც თანამშრომლები გაიფიცნენ.
„ამ დროისთვის სომხეთის რკინიგზის რომელიმე მონაკვეთზე გზის გადაკეტვა არ ფიქსირდება. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია ავტოვაგზლის პიკეტირებაზე და არა რკინიგზის. ჩვენ აქტიურ კავშირში ვართ სომხეთის რკინიგზის ხელმძღვანელობასთან. ამ დროისთვის სარკინიგზო მიმოსვლა სრულად მიმდინარეობს; არანაირი შეზღუდვა არ არის", — განაცხადა ცაგურიამ.