თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის რიგით მეხუთე გამოსვლას სხდომათა დარბაზში ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოველწლიური ანგარიში განვლილი ხუთი წლის ერთგვარი შეჯამებაა.
მარგველაშვილმა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება — საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური საკითხები, დასაქმების პრობლემა და ა.შ.
„ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური. ზოგიერთი მათგანი ყოველდღე გადის სამსახურში, სადაც ემუქრება სიკვდილი. მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, ვლაპარაკობ იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დასაქმების პრობლემა აქვს.
დღეს სახელმწიფოს მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე მარგველაშვილის სიტყვით ბოლო გამოსვლაა, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება. სწორედ ამ პერიოდშია დაგეგმილი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.
პარლამენტში დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შესვენება გამოცხადდა.
საკანონმდებლო ორგანოში 14:30 საათზე დებატები გაიმართება.