ზღვისპირელი „ქალების კლუბი“, ანუ როგორ გამოვტაცოთ სამზარეულოს დიასახლისი?

© Photo: Courtesy of Tamar Gudavaთამარ გუდავა ფოტოგამოფენის გმირთან, ბაადურ წულაძის ფოტოსთან ერთად - ავტორი გამარჯვებული ფოტოხელოვანი ნანუკა ჩხეიძე
თამარ გუდავა ფოტოგამოფენის გმირთან, ბაადურ წულაძის ფოტოსთან ერთად - ავტორი გამარჯვებული ფოტოხელოვანი ნანუკა ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში უკვე მესამე წელია, რაც „ქალთა კლუბი“ არსებობს, აქ პოლიტიკაზე არ საუბრობენ. კლუბში თავმოყრილი ქალები კულინარული შესაძლებლობების მიღმა დარჩენილ საკუთარ ნიჭს უჩვენებენ ერთმანეთს და სხვებსაც. კლუბს გადაწყვეტილი აქვს, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქალი „გამოსტაცოს სამზარეულოს“ და ის საზოგადოებას სხვა, უკეთესი რაკურსით დაანახოს.

ეს იდეა სამი წლის წინ პროფესიით ჟურნალისტსა და ისტორიკოსს, ბათუმელებისთვის ნაცნობ ქალბატონს თამარ გუდავას გაუჩნდა. მან ძალიან მალე იდეა საქმედ და საინტერესო პროექტებად აქცია.

© Photo: Courtesy of Tamar Gudavaთამარ გუდავა
თამარ გუდავა - Sputnik საქართველო
თამარ გუდავა

– ქალბატონო თამარ, ამბობენ, ამ ორგანიზაციის წევრებისთვის შეუძლებელი არაფერიაო, მართალია?

— კლუბის შექმნის იდეა ჩემი იყო და ძალიან ბევრი ქალი ავიყოლიე. აჭარის კულტურის სააგენტო და მასთან არსებული "ბათუმის ქალთა კლუბი" 2015 წლის 15 ივლისს შევქმენით. ეს ნამდვილად ორგანიზაციაა, რომელიც მართლა შეუძლებელს აკეთებს და, რომ იტყვიან, თუ დასჭირდა, ქვიდან წვენს ადენს. ჩვენ გვაინტერესებს ძლიერი ქალები – ფოტოგრაფიაში, მწერლობაში, სახვით ხელოვნებაში… ყველა სფეროში და პროფესიაში. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქალი გამოვიყვანოთ სამზარეულოდან და მათი ნიჭი საზოგადოებას ვაჩვენოთ.

© Photo: Courtesy of Tamar Gudavaთამარ გუდავა პროექტის "წერილები ბათუმს და ბათუმელებს" რედაქტორთან, მწერალ ინგა გოგიბერიძესთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად
თამარ გუდავა პროექტის წერილები ბათუმს და ბათუმელებს რედაქტორთან, მწერალ ინგა გოგიბერიძესთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად - Sputnik საქართველო
თამარ გუდავა პროექტის "წერილები ბათუმს და ბათუმელებს" რედაქტორთან, მწერალ ინგა გოგიბერიძესთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად

- მოდი, გავიხსენოთ კლუბის მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტები და თქვენ მიერ აღმოჩენილი ნიჭიერი უცნობი ქალბატონები, რომლებიც თქვენი წყალობით გახდნენ ასე თუ ისე ცნობილები…

— პირველ რიგში, მინდა ვახსენო ყველა ბათუმელისთვის საყვარელი პროექტი „ქალის თვალით დანახული ჩვენ“. ეს გახლავთ ფოტოპროექტი, რომლის მესამე ეტაპი უკვე განვახორცილეთ. მე იმ ფოტოხელოვან ქალებზე გესაუბრებით, რომლებიც „ქალთა კლუბისთვის“ მართლაც აღმოჩენა გახდა. ყველამ იცოდა, რომ ბათუმს ნიჭიერი ფოტოგრაფი მამაკაცები ჰყავდა, მაგრამ ქალებს არავინ იცნობდა. მათ შექმნეს არაჩვეულებრივი ფოტოპორტრეტები, ამ პროექტის გმირებად გვყავდა ღვაწლმოსილი, ასაკოვანი ბათუმელები, რომლებმაც თავისი საქმიანობით ჩვენი ქალაქის თანამედროვე ისტორია შექმნეს. ესენი არიან მსახიობები, ექიმები, მწერლები, პოეტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ცნობილ ბათუმელებს უჩვეულო რაკურსით ვიღებთ. ამ პროექტით ჩვენი ქალი ფოტოგრაფები წარდგებიან, ეს მათი პირველი ნაბიჯებია.

© Photo: Courtesy of Tamar Gudavaფოტოკონკურსი "ქალების თვალით დანახული ჩვენ" და მისი მონაწილეები
ფოტოკონკურსი ქალების თვალით დანახული ჩვენ და მისი მონაწილეები - Sputnik საქართველო
ფოტოკონკურსი "ქალების თვალით დანახული ჩვენ" და მისი მონაწილეები

– ცნობილი ფაქტია, რომ ზღვისპირელი ქალები ყოველთვის გამოირჩევიან სითამამით და ჩაკეტილ ცხოვრებას არასოდეს ეწეოდნენ.

— ალბათ ასეცაა, მაგრამ მარტო ზღვის გამო სითამამე საქმეს არ შველის. როცა ჩვენი კლუბი გავხსენით, პირველივე დღეს ოთხი უნიჭიერესი ქალის გამოფენა მოვაწყვეთ. სასტუმრო „შერატონში“ ოთხი ბათუმელი ხელოვანი ქალბატონის – ლიკა კასპელაშვილის, მირანდა სეიდიშვილის, ირმა მამალაძის და ლანა ბასილაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ეს უნიჭიერესი ქალბატონები სხვადასხვა ჟანრში მუშაობენ, მათი თითოეული ნამუშევარი უნიკალურია. ერთი მათგანი, მირანდა სეიდიშვილი ძალიან იშვიათი ხელოვნებით, ქვილინგითაა გატაცებული. ქვილინგი პატარა, ფერადი ფურცლებით შექმნილი საოცარი ნახატებია.

© Photo: Courtesy of Tamar Gudavaთამარ გუდავა
თამარ გუდავა - Sputnik საქართველო
თამარ გუდავა

– სადაც ბევრი ქალბატონია ერთად, იქ ქველმოქმედებაც ბუნებრივად ახლავს ხოლმე მათ საქმიანობას, არც თქვენი კლუბი იქნება გამონაკლისი…

— რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ საქველმოქმედო პროექტი, რომელშიც ჩვენი ქალაქის წარმატებულმა ქალბატონებმა მიიღეს მონაწილეობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის მხარდაჭერით და მონაწილეობით მომზადდა სოციალური კლიპი 14 წლის ლუკა ჩხარტიშვილზე, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული. აჭარის ტელევიზიის მაყურებელს ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა საშუალება, რომ ლუკას სახელზე გარკვეული თანხა ჩაერიცხა. მის დასახმარებლად ბევრი საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარეთ.

© Photo: Courtesy of Tamar Gudavaთამარ გუდავა
თამარ გუდავა - Sputnik საქართველო
თამარ გუდავა

– თქვენი ინიციატივით ბათუმში ბევრი კულტურული ღონისძიება მოეწყო…

— რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი: ჩვენი ორგანიზაციის და საქართველოს კულტურის პალატის ერთობლივი ორგანიზებით ბათუმის „არტ-კაფეში“ მოეწყო საქველმოქმედო სალონური შეხვედრა ცნობილ მსახიობ მაქსიმ ავერინთან და ფოტოხელოვანთან, ჟურნალ „7 დღის“ რედაქტორთან ეკატერინა როჟდესტვენსკაიასთან. ასევე საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით და ჩვენი მხარდაჭერით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი „ბათუმს“, რომლის ინიციატორი და რედაქტორი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების ხელძღვანელი, მწერალი ინგა გოგიბერიძე გახლდათ. მასში ბათუმზე დაწერილი ცნობილი და უცნობი ავტორების ლექსები, ჩანახატები და ესსებია თავმოყრილი.

– სულ ცოტა ხნის წინ ფოტოპროექტ-კონკურსის „ქალის თვალით დანახული ჩვენ“ მესამე გამოფენა გაიმართა.

— ეს ფოტოპროექტ-კონკურსის მესამე გამოფენა აჭარის მწერალთა სახლში ჩავატარეთ. ახლაც, პროექტის მიხედვით, ხუთმა ფოტოხელოვანმა ქალმა შექმნა ცნობილი, წარმატებული და ღვაწლმოსილი ბათუმელების განსხვავებულ ამპლუაში გადაღებული 25 ფოტოპორტრეტი. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ბათუმელ ქალებზეა საუბარი. ამ ბოლო ფოტოკონკურსთან დაკავშირებით გავცდით ბათუმის მასშტაბს და მასში არაბათუმელი ქალებიც ჩავრთეთ, მაგალითად, კონკრეტულად ამ ფოტოკონკურსში  მონაწილეობა მიიღო ნიჭიერმა დიზაინერმა და ფოტოხელოვანმა ნანუკა ჩხეიძემ, რომლის ერთდროულად ხუთმა ფოტომ გაიმარჯვა კონკურსში.

– რამდენად მიიპყრო თქვენმა „ქალთა კლუბმა“ ბათუმელი მამაკაცების ყურადღება?

— შეიძლება ითქვას, რომ მიიქცია. ჩვენ არ ვართ ფემინისტები. ნორმალურ საზოგადოებაში, სადაც ნამდვილი მამაკაცი არიან, ქალი თავს ყოველთვის ღირსეულად გრძნობს. ჩვენ ისე აქტიურად ვჩანვართ, რომ ვაიძულებთ არააქტიურ ნიჭიერ ქალებს – გააქტიურდნენ. ჩვენი დახმარებით ბევრ მათგანს თვითშეფასება აუმაღლდა, მათ ოჯახებისა და ახლობლების თვალში სხვა სტატუსი შეიძინეს და საზოგადოებისთვის ნაცნობი გახდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0