თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველო მოხვდა საერთაშორისო კინოფესტივალი Filmkunstfest-ის ფოკუსში, რომელიც 1-6 მაისს ქალაქ შვერინში იმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
პროგრამაში „საქართველო — სტუმარი ქვეყანა" (Gastland Georgien) 25 სურათი შევიდა: საქართველოს შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები.
1 მაისს პროგრამის საზეიმო გახსნაზე მუსიკალური პროგრამით გამოვა ქართული როკ-ბენდი Young Georgian Lolitaz, რომელიც საქართველოს წარადგენდა „ევროვიზია 2016"-ზე.
2 მაისს კი ღონისძიების სტუმრები ნახავენ ქართული უხმო კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევარს — კოტე მიქაბერიძის ფილმს „ჩემი ბებია". 1929 წელს გადაღებული ფილმი სატირული კომედიაა, რომელიც ბიუროკრატიის წინააღმდეგ ილაშქრებს. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფილმის ჩვენებას ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი გააფორმებს.
კინოპროგრამა „საქართველო — სტუმარი ქვეყანა" ორ ძირითად ნაწილად იყოფა — ესაა თანამედროვე რეჟისორების ნამუშევრები და საბჭოთა პერიოდის კლასიკად ქცეული ფილმები. თანამედროვე ქართული ფილმებიდან შეირჩა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი", ანა ურუშაძის „საშიში დედა", რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი", ზაზა ურუშაძის „აღსარება", გიორგი ოვაშვილის „ხიბულა", მარიამ ხაჭვანის „დედე" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმი „ზამთრის სიმღერა".
ქართული კინოკლასიკიდან ფესტივალზე ნაჩვენები იქნება გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი" და მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე" („მარილი სვანეთს“).
ფილმები გერმანულმა მხარემ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან და ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალთან ერთად შეარჩია.
2-25 მაისს გაიმართება ვოლფგანგ კორალის ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „ქართული სული". ფოტოები 1970-იან წლებში ფოტოგრაფის საქართველოში მოგზაურობის დროს არის გადაღებული.
ფესტივალის ქართული პროგრამა ლიტერატურასაც მოიცავს. თბილისში დაბადებული და გერმანიაში მოღვაწე მწერალი ნინო ხარატიშვილი საზოგადოებას წარუდგენს 2014 წელს გამოქვეყნებულ რომანს „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)".