თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ესპანური „ბასკონიის" თავდამსხმელი და კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის XXX ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„მურსიის" წინააღმდეგ მატჩში, რომელიც „ბასკონიამ 87:85 მოიგო, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მოედანზე თითქმის 30 წუთი გაატარა. ამ პერიოდში მან აიღო 28 ქულა, გააკეთა 10 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა.
ქართველი კალათბურთელი ამ სეზონში უკვე მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო კალათბურთელად. ეს მიღწევა შენგელიას, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში დაეხმაროს.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბასკონიას" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია. პირველზეა მადრიდის „რეალი". დასკვნით სათამაშო დღეს სწორედ ამ გუნდს დაუპირისპირდება შენგელიას გუნდი.
შენგელია „ბასკონიას" შემადგენლობაში 2014 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად ის 2016 წელს ევროლიგის „ოთხთა ფინალში" გავიდა, ხოლო 2017 და 2018 წლებში ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშა.