თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ესპანურმა „ესპანიოლმა“ (U-15) ვიტალი დარასელიას ხსოვნის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ტრადიციულად თბილისში იმართება, თბილისის „დინამოს“ ფინალში სძლია 2:1 და გამარჯვებული გახდა.
პირველი ტაიმი „ესპანიოლმა“ 2:0 დაასრულა — ეს მათი უპირატესობით წარმართული თამაშის ლოგიკური შედეგი იყო, მეორე ტაიმში კი ინიციატივა მასპინძლების ხელში გადავიდა. 57-ე წუთზე საპასუხო გოლი ჯადული იობაშვილმა გაიტანა. მაგრამ, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტი ბურთი ვეღარ გაიტანეს და თამაში დათმეს.
ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს მოსკოვის „სპარტაკის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. მათ მინსკის „დინამოს“ დიდი ანგარიშით 5:0 მოუგეს.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს „ესპანიოლის“ მოთამაშე ერიკ კუენკა, ხოლო პრიზი საუკეთესო გოლისთვის თბილისის „დინამოს“ მოთამაშე გიორგი აბუაშვილმა დაიმსახურა.
ტურნირში 15 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის რვა გუნდი მონაწილეობდა.
ვიტალი დარასელია — გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი იყო, გერმანული „კარლ ცაისის" კარში გამარჯვების გოლის ავტორი.