თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია მზად არის, თავის თავზე აიყოს პარკებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად ავტოფარეხებია განთავსებული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძემ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ თბილისის გამწვანების ბიუჯეტი 2,9 მილიონიდან 9 მილიონ ლარამდე გაზარდა.
„ყველა რაიონში, უბანში, არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც, მე მგონია, რომ შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. მინდა გთხოვოთ და დაგავალოთ, რომ დაიწყოთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები. ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია", — განაცხადა კალაძემ.
მერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პარკებისა და სკვერების მოწყობის პროექტების განხორციელება. კალაძის თქმით, თბილისში ბევრი ავტოფარეხია, რომელსაც არ იყენებენ და ზოგი კი უკანონოდ არის აშენებული.
თუ მოხერხდება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმება, ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს მომავალ თაობას დროის გატარების საშუალება ექნება, აღნიშნა კალაძემ.