თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ქართველი სტუდენტების ჯგუფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართა.
საინიციატივო ჯგუფი რვა უნივერსიტეტის 26 სტუდენტს აერთიანებს. სტუდენტები მზად არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ითანამშრომლონ, რადგანაც თვლიან, რომ ქვეყნის ხელისუფლება ახალგაზრდობის პოტენციალს სათანადოდ არ იყენებს.
„ახალგაზრდობა ერთ–ერთი დიდი და მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის დახმარებითაც უნდა მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული და სოციალურ–ეკონომიკური განვითარება… ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის ყველა მოსახლე ნაწილობრივ ან სრულად იზიარებს“, – ნათქვამია საქართველოს სტუდენტების მიმართვაში.
ამასთან, საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდობის რესურსი მიმართული უნდა იყოს არამარტო პიროვნული ან კარიერული წინსვლისკენ, არამედ სახელმწოფო განვითარებისკენ.
იმის არგუმენტად, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივ პროცესებში ახალგაზრდობა სათანადოდ არ არის ჩართული, მათ მოჰყავთ ფონდ ფრიდრიხ ებერტის კვლევის „თაობა გარდამავალ პერიოდში, ახალგაზრდობის კვლევა 2016 – საქართველო“ მონაცემები, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა თაობა ნაკლებადაა დაინტერესებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით.
ქართველ სტუდენტებს მაგალითად ასევე მოჰყავთ საერთაშორისო პრაქტიკა – YouthAdvisoryCouncil, როდესაც ხელისუფლება თავად ქმნის ახალგაზრდულ საბჭოებს, როგორც მაგალითად, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში.
„ჩვენ, ქართველ სტუდენტებს სურვილი გვაქვს, რომ მსგავსი პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაშიც იყოს დაშვებული, რამდენადაც ამისთვის უკვე არსებობს ყველა რესურსი და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო შეძლებს ახალგაზრდობის ჩართულობის კუთხით რეგიონში ლიდერი გახდეს“, – აღნიშნულია მიმართვაში.
სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი მათ ინიციატივას გამოეხმაურება და ისინი შეძლებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის დაწყებას.
„ბატონო პრემიერ–მინისტრო, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ჩვენს ინიციატივას და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ღირსეული მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – ნათქვამია მიმართვაში.
საინიციატივო ჯგუფი ძირითადად დაკომპლექტებულია უნივერსიტეტების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ბოლო კურსის სტუდენტებით.
საქართველოს პრემიერ–მინისტრს სტუდენტების შეთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.