თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ვარდის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, კულტურის ცენტრ „არტ ჰოლში“, 28 და 29 აპრილს, „ვარდის სახლის” ორგანიზებით ტრადიციული ყვავილების საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ნათქვამია „ვარდის სახლის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დამთვალიერებელი ვარდის ყველაზე პოპულარულ სახეობებთან ერთად უცნობ და ეგზოტიკურ ჯიშებსაც იხილავს და ვარდის მოვლის პრინციპებს გაეცნობა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასი, სადაც ყვავილების მოყვარულები მიიღებენ რჩევებს, რა პრინციპით დაგეგმონ ბაღის გაშენება, მოუარონ მცენარეებს და როგორ ებრძოლონ მავნებლებსა და დაავადებებს.
მასტერკლასი 18:30 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გასტანს. მასტერკლასზე დასწრება თავისუფლია.
ღონისძიებაზე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება გაეცნოს ვარდების კოლექციას, დასვას მისთვის საინტერესო კითხვები და მიიღოს კომპეტენტური პასუხები და რჩევები.