თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობენ, რომლის თანახმადაც კანონის ის ნორმა იცვლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ორმაგ მოქალაქეობას უკრძალავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილება საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ეს მაისის ბოლომდე მოხდება.
მოქმედი კანონის თანახმად, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებდა, ის საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავდა. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი მათ ეს შეზღუდვა აღარ ექნებათ. ხოლო ის პირები, რომლებმაც მოქალაქეობა ცვლილებების ძალაში შესვლამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე დაკარგეს, მის აღდგენას შეძლებენ.
ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციიდან ამოღებულია. ამ ეტაპზე ცვლილებები ორგანულ კანონში შედის, რათა დოკუმენტი კონსტიტუციასთან შესაბამისი გახდეს.