პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები 16-17 აპრილს დუბაიში გამართულ უმსხვილეს კონფერენციას“World Blockchain Forum“ დაესწრნენ.
შპს "ოქროს საწმისი", შპს"ენტროპი", შპს „ამბიტ მაინინგი“ და შპს „სპოტქოინი“ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაემგზავრნენ.
სააგენტოს ცნობით, დუბაიში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს მასშტაბით 40-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 750-ზე მეტი ინვესტორი და ინოვატორი, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს სახელით ფორუმში მონაწილე-ერთ-ერთი კომპანია “ოქროს საწმისი“ იყო, რომელიც კრიპტოვალუტების მაინინგით არის დაკავებული.
როგორც კომპანიის დამფუძნებლმა ვახტანგ გოგოხიამ აღნიშნა, ის დუბაიში კონკრეტული მიზნით და წინადადებებით ჩავიდა.
„მე ვეძებდი კლიენტებს, რომლებიც განათავსებდნენ თავიანთ აპარატურას ჩვენთან და ინვესტორებს, რომლებიც დააბანდებდნენ საქართველოში. გავაცანით ჩვენი პროქტები კრიპტოსაინვესტიციო ფონდების და მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე შევხვდი კრიპტოვალუტების მაინინგით დაკავებულ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ“-განუცხადა ვახტანგ გოგოხიამ “Sputnik- საქართველოს”.
ამერიკელები „ოქროს საწმისის“ მიერ კრიპტოვალუტების მაინერების იმერსიული სისტემით გაგრილების გაუმჯობესებული ტექნოლოგიით დაინტერესდნენ.
იმერსიული მეთოდით გაგრილებისას, მაინერებს სპეციალურ სითხეში აწყობენ, რომელიც მათ ზედმეტად გახურებისგან იცავს.
„ჩვენ კომპანიაში ახლა ვტესტავთ ახალი თაობის იმერსიული გაგრილების სისტემას. მაინერების გასაგრილებლად ვიყენებთ ახალი ტიპის სითხეს და მეთოდს,, რომელიც უფრო იაფია და ახანგრძლივებს აპარატურის გამოყენების ვადას“- აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.
პირველი ქართული კრიპტოვალუტის შემქმნელის თქმით, დუბაიში ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით ადგილობრივი ხელისუფლება არის დაინტერესებული.მათ ამ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა სხვადასხვა საჯარო სექტორებში სურთ და მუშაობენ კიდეც შესაბამის სტრატეგიაზე.
ბლოკჩეინი — ეს არის ერთგვარი ელექტრონული ჟურნალი, მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს.თითოეული ბლოკი, როგორც წესი, შეიცავს სპეციალური ალგორითმით ჰეშირებულ/დაშიფრულ მაჩვენებელს როგორც წინა ბლოკთან დამაკავშირებელ ნიშანს, დროის ნიშნულს და ტრანზაქციის მონაცემებს. განხორციელებული ტრანზაქციის ჩანაწერის შეცვლა შეუძლებელია ყველა მომდევნო ტრანზაქციის ბლოკის შეცვლის გარეშე.
ბლოკჩეინი არის კრიპტოვალუტა ბიტკოინის მთავარი შემადგენელი ნაწილი, ბლოკჩეინით ბიტკოინში გადაჭრილია ორმაგი ხარჯვის პრობლემაც.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. ბლოკჩეინტექნოლოგიის გამოყენება კი ყველა იმ სფეროში შეიძლება, სადაც ინფორმაციის შენახვის უსაფრთხოების მაღალი დონეა საჭირო.
ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილი შემდეგი დიდი კონფერენცია მაისიში ნიუ-იორკში გაიმართება. კომპანია“ოქროს საქმისის“ დამფუძნებელი მასში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
ნატა პატარაია