თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკის მინისტრი.
შრომის უსაფრთხოების საკითხები მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გააქტიურდა. 5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა. წინასწარი შეფასებით, ჰაერის დარტყმითი ტალღა გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგად ექვსი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
„წარმოდგენილი იყო იმ პირობების ჩამონათვალი, რომელსაც პროფკავშირები თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საწარმოში დასაქმებული ადამიანებისთვის. ჩვენ ეს საკითხები გავყავით ორ პირობით ჯგუფად. ერთი ნაწილი არის სოციალური შეღავათები, ხოლო მეორე ნაწილი არის შრომის უსაფრთხოება“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
პროფკავშირები მაღალი რისკის მქონე პროფესიებში უსაფრთხოების ზომების გაზრდას, ასევე სოციალურ გარანტიებს, კერძოდ, საპენსიო ასაკის შემცირებას მოითხოვს.
„არ ვიცი მსოფლიოში ქვეყანა, სადაც 65 წლის მეშახტე შეიძლება არსებობდეს და 55 წლამდე ისე, როგორც მეხანძრეებთან, უნდა მოხდეს საპენსიო ასაკის დაწევა“, – განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.
„რომელი ნორმები ირღვევა ყველაზე ხშირად შრომის უსაფრთხოების მხრივ“>>
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას.
ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით კი, 2018 წლის სამი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მძიმე დაზიანებები 12-მა მიიღო.