დღე მშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით საინფორმაციო სააგენტოს სახელით რუბრიკაში — ჟურნალისტი იცვლის პროფესიას, ამჯერად Cabin Crew, ანუ ბორტგამცილებლის ამპლუაში. გთხოვთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები, გადადოთ პირადი საქმეები და გულისყურით წაიკითხოთ ეს სტატია, რადგან ბევრ ისეთ რამეს გიამბობთ ბორტგამცილებლებზე, რაც არ უნდა „სტაჟიანი მოგზაური" იყოთ, წარმოდგენაც რომ არ გექნებათ!
მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბორტზე — Bon Voyage!
ბორტგამცილებელი სათავგადასავლო პროფესია ყოფილა, მით უფრო მაშინ, როცა ასაკი ხელს გიწყობს. ასაკი, როცა ყოველი მომდევნო „გაფრენა“ საუკეთესოა. იყო Cabin Crew, ნიშნავს სამსახური და მოგზაურობა ერთმანეთს შეუთავსო — მათ ხომ მსოფლიოს გარშემო უფასოდ მოგზაურობა შეუძლიათ!
ფრენის დროს მეგონა მოდის ჩვენებაზე ვიყავი… სასიამოვნოა საავიაციო მოდა. მგზავრობისას უზადოდ გამოწკეპილი ბორტგამცილებლისკენ რამდენჯერმე თვალიც კი გამექცა და სამ საათიანი მგზავრობა ნეტარებად გადამექცა… ამ ყველაფერს ღრუბლებში ფრენა რომანტიზმს მატებდა და როგორც აღმოჩნდა სილამაზეს ცაში უფრო მეტად აფასებ ადამიანი…
ტექნიკური პერსონალი ადასტურებს, რომ თვითმფრინავი მწყობრშია, საავიაციო უშიშროების სამსახური ბარგს ამოწმებს, რომპტექნიკოსი პილოტებს თვითმფრინავის სტარტის ადგილს აჩვენებს და მე კი მგზავრობამდე ტრადიციულად ვფიქრობ — არავინ ბრუნდება ხმელეთზე ისეთი, როგორიც მოგზაურობამდე იყო…
ბორტგამცილებლად მაშინ „მოვინათლე“, როდესაც დავფიქრდი, რომ ხმელეთიდან ათასობით მეტრის მოშორებით ხომალდში, მხოლოდ ჩვენ ვიყავით პასუხისმგებლები ასობით ადამიანის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე.
ალბათ ამიტომ იცის ყველა Cabin Crew-მ თვითმფრინავის აგებულება, ეთიკის ნორმები, ცურვა, ავარიული დაშვებისას მგზავრების და პილოტების ევაკუაცია ხმელეთსა თუ წყალზე, „ჭირვეულ” მგზავრებთან მოპყრობა და პირველადი სამედიცინო დახმარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბორტგამცილებლის პროფესიის გაგრძელება რომ გადამეწყვიტა და 600 გვერდიანი სახელმძღვანელო შემესწავლა, მეცოდინებოდა საკარანტინო ინფექციების შესახებ პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები; საკვების, სასმელის უხარისხობის მაჩვენებელი ტიპიური ნიშნები და ღონისძიებები, რომელიც მიმართულია ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის კვებითი მოწამვლების თავიდან ასაცილებლად, ასევე მეცოდინებოდა როგორ მივიღო მშობიარობა, როგორ მოვიქცე არასტანდარტული სიტუაციის დადგომისას, თავიდან როგორ ავიცილო პანიკა და ა.შ.
ხომალდზე მასწავლეს, რომ თუ ადამიანი ხმელეთზე სრულიად ჯანმრთელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცაშიც უცვლელია მისი ჯანმრთელობა. მაგალითად ასეთი ექსპერიმენტი მოჰყავთ: სანამ ხომალდი დაიძვრება გააბით კედლებზე თოკი ისე, რომ დაჭიმული არ იყოს. ნახავთ, აფრენისას თოკი გასწორდება! სწორედ ასე იჭიმება თურმე ჩვენს ორგანიზმში ყველა სისხლ-ძარღვი. ამის შემდეგ, აღარ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ბორტგამცილებლებს სრული მედშემოწმება ყოველ სამ თვეში უტარდებათ.
ხომალდზე საჭმელი კალორიულია და თან საკმაოდ გშივდება, რადგან სამმაგ ენერგიას ხარჯავ ჰაერში, ამიტომ ბორტგამცილებლისთვის ფორმის შენარჩუნება რთულია, თუმცა სხვა რა გზა აქვთ, ახერხებენ ფორმაში ყოფნას ფიტნესის, საცურაო აუზების და სალონების დახმარებით. მათ კანს და თმასაც სპეციფიური მოვლა-დატენიანება სჭირდება, თვითფრინავში მშრალი ჰაერისა და დეჰიდრატაციის გამო. მათ იციან, რომ მათი პოზიტივი მგზავრების სასიამოვნო განწყობის საწინდარია.
ამბობენ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტიაო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძნელია უსაფრთხოდ იგრძნო თავი მიწიდან ათასობით მეტრზე ფრენისას… სწორედ ამიტომ ამ დროს, უფრო მეტად გიმძაფრდება თვითმფრინავის ეკიპაჟის მიმართ განსაკუთრებული ნდობის ფაქტორი.
თუ დაკვირვებული მგზავრი ბრძანდებით, შეამჩნევდით, რომ ბორტგამცილებელს ხელები ხშირად ზურგს უკან აქვს დამალული. ჩვეულებრივ, უსაფრთხოების ზომებისა და სამაშველე მოწყობილობების მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ, როდესაც მგზავრებს შეკრული აქვთ უსაფრთხოების ქამრები, აფრენამდე ბორტგამცილებელი ვალდებულია გადაითვალოს სტუმრები. ამისათვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა — მთვლელი-კლიკერი, ეს მოწყობილობა აქვთ დამალული სტიუარდესებს ზურგს უკან ხელში, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრონ.
თუმცა, ჩვენ როგორც მგზავრები, მათი მუშაობისას მხოლოდ იმას ვამჩნევთ, რომ ბორტგამცილებელი ერთი უბრალო „საექსკურსიო„ პროფესიაა, რომელთაც ევალებათ მგზავრთა სწრაფი განთავსება სალონებში, მგზავრებისთვის ინფორმაციის მიწოდება ფრენის შესახებ, მისი ხანგრძლივობისა და მოწევის აკრძალვაზე, კვების განრიგზე და ექსტრემალურ სიტუაციაში მოქცევის წესების შესახებ.
აპლოდისმენტები ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისგებლო პროფესიის წარმომადგენლებს, მშვიდობიან და პოზიტიურ მგზავრობაზე ზრუნვისთვის! მათ ყოველ დღე სამსახურში წასვლისას შვილები ისევე აცილებენ, როგორც ჩვენ, საყვარელ ხალხს გამგზავრებისას, იციან რას ფიქრობს ადამიანი ფრენისას და რატომ არავინ ბრუნდება ისეთი, როგორიც მოგზაურობამდე იყო!
რედაქციის სახელით, ჟურნალისტი მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩვენთან ერთად იფრინეთ. იმედია კვლავ გიხილავთ ჩვენს ვებგვერდზე.
გისურვებთ წარმატებებს!