თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიამ თამარ მეფის სახელობის ხიდის სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხიდის საინჟინრო–გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა, იუწყება ტელეარხი Imedi.
ქალაქის მთავრობა კვლევების ჩასატარებლად 50 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. ხიდის სავალ ნაწილზე ბზარები შეიმჩნევა, დაზიანებულია ტროტუარების საფარი.
თამარ მეფის სახელობის ხიდი აღმაშენებლის გამზირსა და გმირთა მოედანს აკავშირებს. ხიდის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო. ხიდი 1935 წელს გაიხსნა.
ხიდის კონსტრუქციებზე აღინიშნება დიდი რაოდენობით გამოტუტვის ლაქები და წყლის ჟონვის კვალი, ზამთრის პირობებში ხიდის მალის ნაშენზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობის ყინულის ლოლუები.
მაშინ ხიდს ჩელუსკინელების ხიდი ერქვა. 1989 წლიდან კი ხიდი თამარ მეფის სახელს ატარებს. ხიდის არქიტექტურა ნიკოლაი სევეროვს ეკუთვნის.