თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. შეღავათიანი სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში დამრღვევი დაჯარიმდება, არასწორად გამოყენებული ბარათი კი ავტომატურად დაიბლოკება 6 თვის განმავლობაში, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ დადგენილებაში, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს არგულირებს, ცვლილებები შვიდა. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ცვლილება შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა.
შეღავათიანი სამგზავრო პლასტიკური ბარათების უკანონოდ გამოყენების ფაქტებს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გააკონტროლებს. კომპანიის უფლებამოსილ პირს ექნება დამრღვევების დაჯარიმებისა და არასწორად გამოყენებული ბარათების დაბლოკვის უფლებაც.
„ბარათის დაბლოკვიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერიის შეღავათიანი სამგზავრო ბარათებით მოქალაქეთა 26 კატეგორია სარგებლობს, მათ შორის, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები პენსიონერები, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ვეტერანები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში, 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით არიან რეგისტრირებული.