თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ბათუმის მე-14 საჯარო საბავშვო ბაღის მშობელი ბაღის ადმინისტრაციასა და მედპერსონალს ბავშვთა უფლებების შელახვასა და ძალადობაში ადანაშაულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც ბაღის მშობელი ინგა დავითაძე აცხადებს, ბავშვებს პარაზიტებზე ანალიზები აუღეს, რა დროსაც არ იყო დაცული ჰიგიენური პირობები. ამასთან, ანალიზების აღების დროს ოთახში ბავშვები ერთდროულად შეიყვანეს, რის გამოც ისინი შეშინებული იყვნენ.
დავითაძემ ბაღში სამართალდამცველები გამოიძახა და „ბათუმის ბაღების გაერთიანებას“ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
„ჩემს შვილს ნებართვის გარეშე ჩაუტარეს აცრა, სწორედ ამიტომ შევატყობინე სამართალდამცავებს. ბავშვთან ფსიქოლოგი და თერაპევტი მუშაობს. კანონიერი წარმომადგენელი არ ვიყავი ინფორმირებული, რა ფორმით უნდა ყოფილიყო აცრა ჩატარებული. ამასთან, ჰიგიენა არ იყო დაცული. ჩემს შვილს ფსიქოლოგიურად აცრისთვის წინასწარ ვამზადებ“, — განაცხადა დავითაძემ.
მშობლის ბრალდებებს არ იზიარებს ბაღის ადმინისტრაცია. ბაღის გამგის, მაია ხუხნაიშვილის განცხადებით, ბავშვებზე ძალადობას ადგილი არ ჰქონდა.
„მშობელს ჩვენს წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ გააჩნია. მას პრეტენზია იმ მედდასთან აქვს, რომელიც პოლიკლინიკიდან მოვიდა. მედდამ მშობელს აუხსნა, რომ ეს აცრა არ ითვალისწინებს სტერილურობას და ამიტომ ტარდება საბავშვო ბაღში", — აღნიშნა მაია ხუხუნაიშვილმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.