თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ორი ძმის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს — შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ძმები გ.ბ. და ი.ბ. შსს-ს თანამშრომლები არიან. გ. ბ. — შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელია, ხოლო ი.ბ. — შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელია.
ორივე ძმა 11 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ახალციხეში დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით წარედგინათ, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.