თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა საკუთარ ეზოში ახალშობილის ცხედარი იპოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეარხის მონაცემებით, ჩვილის ცხედარი ეზოში ძაღლებმა შემოიტანეს. ბალიშის პირი, რომელშიც ის, სავარაუდოდ, იყო გახვეული, იქვე ახლოს ეგდო. ცხედრის აღმოჩენისთანავე სოფლის მაცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ჩვილი უკვე გარდაცვლილი იყო.
ერთ-ერთი ვერსიით, ჩვილი ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაიბადა და მას ჭიპლარი არ ჰქონდა, მეორე ვერსიით — ის ცხოველების მსხვერპლი გახდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 112-ე მუხლით („დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“), რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.