თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა თბილისთან ახლოს, წიწამურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსთავი 2-ის ცნობით, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, სადაც სამივე დაშავებული იმყოფებოდა, გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა და ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ მონაკვეთზე მოხდა, რომლის დროსაც მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ტრასაზე მიმავალი ავტომობილის მძღოლი შეუძლოდ გახდა და გზიდან გადავიდა. მანქანაში მასთან ერთად მეუღლე და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
არცერთ მგზავრს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არ მიუღია. სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
დღეს სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული რიკოთზეც, სადაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ავტომანქანა დაიწვა.
რიკოთის უღელტეხილზე მიმავალ ავტომობილს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უმსხვერპლოდ დამთავრდა ასპინძაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაც, რომლის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იუწყება.
ვარძიის ქუჩაზე, ახალციხის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა.
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საცხოვრებლის ღობეს შეეჯახა და ეზოში გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
ადგილზე ასპინძის მერიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები მივიდნენ.