თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე საფეხბურთო მატჩში თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდნენ.
ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ გაიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ჯოხებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა თავდაპირველად შავკანიანი ახალგაზრდების სპორტული მოედნიდან გაძევება დაიწყო, სადაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოლო შემდეგ – მათი ცემა. დაშავებულები მიიჩნევენ, რომ ინციდენტი რასობრივი კუთვნილების გამო მოხდა, ხოლო ადგილობრივები აცხადებენ, რომ ინციდენტი იმის გამო დაიწყო, რომ შავკანიანი მამაკაცები ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.