თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ჩაქუჩითა და ხელით განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.ს. დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში გასული წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, ზ.ს-მ. ეჭვიანობის ნიადაგზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ს.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ზურგის არეში ჩაქუჩი დაარტყა.
„ასევე დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ზ.ს.–მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თ.ს.–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა სახის არეში“,- ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულმა დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ზ.ს. სამართალდამცავებმა 2017 წლის 5 ნოემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80–დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირია დაკავებული, მსხვერპლთა დაცვის მიზნით კი შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართაა გაცემული.
2017 წელს კი საქართველოში ოჯახური ძალადობის 2,1 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა.
კონკრეტულ დანაშაულებებს შორის ოჯახში ძალადობის მუხლი სჭარბობს, რომლითაც 585 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება. 206 შემთხვევაში საქმე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობით აღიძრა, აგრეთვე ბრალდებულთა დიდი ნაწილი იძულების, მუქარის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული.