თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკი(ADB) 2018 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
Asian Development Outlook 2018 —ის ფარგლებში გაკეთებული პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. ეს მაშინ, როდესაც 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 5% იყო.
ADB-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდის ძირითად მიზეზებად დასახელებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსება, ასევე ტურისტული ნაკადების მატება, გაზრდილი ფულადი გზავნილები და ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები.
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2018 წელს მრეწველობა 5.4%-ით გაიზრდება, მომსახურების სექტორში 4.5%-იანი ზრდა დაფიქსირდება, სოფლის მეურნეობაში კი, სამთავრობო პროგრამების დახმარებით, 2.1% ზრდა არის მოსალოდნელი.
აზიის განვითარების ბანკში ფიქრობენ, რომ საპენსიო და კაპიტალის ბაზრის კუთხით დაგეგმილი რეოფრმები, რომლებიც ქვეყანაში 2018 წლის მეორე ნახევრიდან გატარდება, დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის თებერვალში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5,5%, ხოლო იანვარ-თებერვალში — 4,9% შეადგინა.
აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს ათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პერიოდში ADB-მ საქართველოს 2,3 მილიარდ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება გაუკეთა.